საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკა აფხაზეთში
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2024.28.01საკვანძო სიტყვები:
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკა აფხაზეთში (1918-1921)ანოტაცია
ნაშრომში განხილულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკა აფხაზეთში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების, 1918-1921 წწ. პრესის, საარქივო დოკუმენტების, სახელმწიფო მოღვაწეთა მოგონებებისა და სხვა ისტორიული წყაროების ციკლური შესწავლის საფუძველზე გაანალიზებულია პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები განათლებისა და კულტურის დარგში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდანვე, 1918 წლის 26 მაისიდან, დაიწყო რეფორმები საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აფხაზეთში: საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემისა და ახალი ტიპის საგანმანათლებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას; პირველად, ინსტიტუციურად ყველა სასწავლო დაწესებულება დაექვემდებარა სახელმწიფოს, „გააეროვნულა“ და მოაწესრიგა სასწავლო პროცესი, მხარი დაუჭირა და დააფინანსა მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, დიდი ყურადღება დაუთმო ეროვნული უმცირესობების, განსაკუთრებით აფხაზების საგანმა¬ათლებლო უფლებებს, შექმნა რამდენიმე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი - სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირესა და სამურზაყანოში, ხოლო სოხუმის სამასწავლებლო სემინარია სასწავლო შინაარსით სამასწავლებლო ინსტიტუტად გადააკეთა. აფხაზეთში ამ დროს ჩამოყალიბდა მასწავლებელთა პირველი პროფესიული გაერთიანებები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველად აფხაზი ხალხის ისტორიაში, საფუძველი ეყრება აფხაზური ენის მეცნიერული შესწავლისა და კვლევის საქმეს. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, თბილისიდან გაგზავნილი პროფესიული კადრების მიერ აფხაზეთში ჩამოყალიბდა პირველი სამუსიკო და თეატრალური საზოგადოებები, რომლებმაც მომავალში საფუძველი ჩაუყარეს პროფესიული მუსიკალური და თეატრალური კოლექტივების ინსტიტუციურ განვითარებას. დემოკრატიული საქართველოს პირობებში, ცნობილმა აფხაზმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი გულიამ თბილისელი მეგობრების მხარდაჭერით შეძლო პირველი აფხაზურენოვანი გაზეთის შექმნა, რომელიც მოგვიანებით ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ გააუქმა.