ქართული მასალა თურქული ფონოტაქტიკის ჭრილში

ავტორები

  • მარიკა ჯიქია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

თურქული ენის ფონოტაქტიკური წესები, პროთეზა, ეპენთეზა, ქართული ონომასტიკური ერთეულები

ანოტაცია

თურქული ენების ფონოტაქტიკური სტრატეგიით სიტყვის ბოლო მარცვალ-ში  /o/-ს – ფართო ბაგისმიერ ხმოვანს – ვიწრო ბაგისმიერი /u/ ხმოვანი ენაცვლება. დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქედის ქართული დასახელება თორთომი თურქმა Tortum-ად გარდათქვა; ჭოროხი თურქულად Çoruh-ად დამკვიდრდა. სავარაუდოდ იყო ბათომი (გურულ დიალექტში დღესაც ბათომია), დამკვიდრდა კი თურქული ყაიდით –  ბათუმი. თურქული მოდგმის ადამიანთათვის გადაულახავი არტიკულაციური მომენტია მარცვლის დასაწყისში ორი ან მეტი თანხმოვნის წარმოთქმა. ოდენ თურქული წარმომავლობის სიტყვები  მარცვალს  CCV(C) შემადგენლობით არ შეიცავენ. არაეროვნული სიტყვები მარცვლის  დასაწყისში  ორი ან  მეტი თანხმოვნით (რაც უპირატესად ანლაუტს  ემთხვევა) „გათურქულებისას“ განიცდიან ფონოლოგიურ დამუშავებას. ე.წ. პროთეზით (მარცვლის დასაწყისში ორ თანხმოვანს წინ დაემატება ხმოვანი) და ეპენთეზით (მარცვლის დასაწყისში ორი თანხმოვანი განიხშვება და შუაში ჯდება ხმოვანი). ამით დაიძლევა მარცვლის დასაწყისში თანხმოვანთა თავმოყრა. პროთეზის  მოქმედების არეს  წარმოვაჩენთ  ქართული  ტოპონიმური სივრციდან.   სპერი – მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ამჟამად თურქეთის პროვინცია İspir – ისპირი. პროთეტული ფორმით შეგვხვდა სტეფანწმინდა 1595 წელს შედგენილ ფისკალურ დოკუმენტში, გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში:  استڥانزمنده  /istefānzmnda/. ქართული  ტოპონიმი  სკარები  ოსმალო  დევთერდარის მიერ  გადატანილ იქნა ასე : اسكارب  /isкarb/. ამავე დოკუმენტში ეპენთეტური ხმოვნით გაფორმებული ეროვნული ტოპონიმებია: ბლორძა – /bulurza/, დგვარი  –  /dugar/, ზრესკი –  /zirsk/, თმოგვი  – /tumk/, ფრუტი – /purud/, ღრტილა – /γirdla/, წრე  – /zire/, წრიოხი  – /ziriox/, წყორძა – /zuγurza/, წყრუთი – /zuγurt/ და სხვ. პროთეზის კერძო შემთხვევაში ხმოვანი წინ ემატება /r/-თი დაწყებულ უცხოენოვან სიტყვებს (საკუთრივ თურქული წარმომავლობის სიტყვა /r/თი არ იწყება): თურქ. Rum – Urum, Rus – Urus,  იტალ. roba  –  თურქ. urba, არაბ. rub‘ – ربع  თურქ. urup, სპ. ruspi  –   თურქ. orospu და სხვ. თურქულად თარგმნისას „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა სახელებიდან როსტევანი და ფრიდონი „დაექვემდებარნენ“  თურქულის ფონოტაქტიკურ  თავისებურებას:  Erestevan ( ანუ /რ/-ს წინ გაჩნდა ხმოვანი და Feridun – ქართულისეული /ფრი-/ მარცვლის თანხმოვნებში „ჩაჯდა“ /e/ ხმოვანი. პროთეზული ფაქტის მანიფესტაციაა ჩვენი დედაქალაქის სახელი Tiflıs - თურქმა ვერ წარმოთქვა /თბი-/ მარცვლის /tb/ კომპლექსი, განახშო იგი და მხოლოდ ვიწრო /i/ ხმოვნის   ჩასმის შემდეგ „გაიმართა წელში“. ჩვენებურებზე ისეთი ძლიერია თურქულის გავლენა, რომ მათ  მეტყველებაშიც თიბლიზი  დადასტურდა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

ქართული მასალა თურქული ფონოტაქტიკის ჭრილში. (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 300-305. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/228

მსგავსი სტატიები

1-10 — 55

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.