ბათუმის ოლქი ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული მასალების მიხედვით
საკვანძო სიტყვები:
ბათუმის ოლქი XIX-XX საუკუნებში, ქუთაისის გუბერნია, ქუთაისის ცენტრალური არქივის მასალები, რუსული კოლონიალიზმიანოტაცია
საქართველოს ისტორიის ახალი და უახლესი პერიოდის კვლევისას უაღრესად მნიშვნელოვანია მრავალმხრივი დოკუმენტური წყაროების მოძიება და გაანალიზება. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საარქივო მასალების შესწავლა-გამოყენებას. წარმოდგენილ სამეცნიერო სტატიაში ჩვენ შევეცადეთ შეგვესწავლა და წარმოგვედგინა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ბათუმის ოლქის შესახებ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო მასალების შესახებ ინფორმაცია. ეს მასალა მრავალფეროვანიცაა და მოცულობითიც, ამდენად, მისი ერთ კონკრეტულ პუბლიკაციაში სრულად განხილვა რთულია. ბათუმის ოლქი ხომ 20 წლის მანძილზე (1883-1903) ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. ქუთაისის გუბერნიის სხვადასხვა უწყების: ჟანდარმერიის სამმართველოს, საოკრუგო სასამართლოს, მიწათმოქმედებისა სახელმწიფო ქონებათა საგუბერნიო სამმართველოს და სხვა უფლებამოსილება ვრცელდებოდა ბათუმის ოლქზეც, სადაც ამ უწყებათა სპეციალური წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თანაშემწის სტატუსით. ისინი სრულ ინფორმაციას აწვდიდნენ საგუბერნიო ხელისუფლებას. ამიტომაა, რომ ქუთაისის გუბერნიის ყოველწლიურ მიმოხილვებში (ე.წ „ობზორებში) ძვირფასი ცნობები მოგვეპოვება ბათუმის ოლქის ადმინისტრაციული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ კულტურული განვითარების, ცარიზმის აშკარა კოლონიური პოლიტიკის შესახებ. ჩვენი მიზანიც ამ საკითხების შესწავლა გახლავთ, რასაც ეძღვნება წარმოდგენილი ნაშრომი.