ეკლესიის მართვის სტალინური მოდელი (XX საუკუნის 40-80-იანი წლები
საკვანძო სიტყვები:
ქართული ეკლესია, XX საუკუნის 40-80-იანი წლები, ეკლესიის მართვის სტალინური მოდელი, საბჭოთა რუსეთის ანტიქართული პოლიტიკაანოტაცია
1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსეთში ხელისუფლების სათავეში მოსულმა ბოლშევიკებმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას. პატრიარქ ტიხონის მიერ ბოლშევიკური ხელისუფლების ანათემაზე გადაცემის შემდეგ ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდა; დახურეს ათასობით ეკლესია-მონასტერი, დახვრიტეს ათასობით სასულიერო პირი, ეკლესიის შიგნიდან აფეთქების მიზნით წაახალისეს ე.წ. „ობნავლენცების“ მოძრაობა. 1921 წლიდან, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო, ადგილობრივმა მარიონეტულმა ხელისუფლებამ – რევკომმა 1921 წლის 15 აპრილის დეკრეტით საქართველოს ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა. კათალიკოზ ამბროსის მიერ გენუის კონფერენციაზე საოკუპაციო ხელისუფლების მამხილებელი მემორანდუმის გაგზავნის გამო საქართველოშიც გაძლიერდა აგრესიული ანტირელიგიური კამპანია. საბჭოთა ხელმძღვანელობამ 1925-1927 წლებში რუსეთსა და საქართველოში სრული კონტროლი დაამყარა ეკლესიაზე, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს დაუშვა ეკლესიასთან კომპრომისები, თუმცა ი. სტალინმა 1943 წელს საბჭოთა კავშირის სახკომ საბჭოსთან შექმნა რელიგიის საქმეთა საბჭო, რომელსაც სათავეში ჩაუყენა უშიშროების გენერალი გიორგი კარპოვი. ამ საბჭოს თავისი ფილიალები ჰქონდა მოკავშირე რესპუბლიკებში. მაგალითად, საქართველოში არსებობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებული, რომელიც კურირებდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. თავიდან სტალინი უარყოფდა იმ მოსაზრებას, რომ თითქოს რელიგიის საქმეთა საბჭო პეტრე პირველის დროინდელი ობერპროკურორის ანალოგი იყო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ამ ორგანოს მეშვეობით ხელისუფლებამ ეკლესიაზე ტოტალური კონტროლი დააწესა და მათი ნებართვის გარეშე ვერ აკურთხებდნენ სასულიერო პირს (დიაკვნიდან პატრიარქის ჩათვლით). მხოლოდ 1989-1990 წლებში გაუქმდა ჯერ საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა საბჭო, ხოლო შემდეგ საქართველოში რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანამდებობა. უკვე გადამდგარმა პენსიონერმა, უშიშროების გენერალმა კ. ხარჩევმა ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად განაცხადა: ჩვენი ამოცანა იყო ეკლესიაში გაგვეგზავნა გახრწნილი, უვარგისი ადამიანებიო. სამწუხაროდ, ეკლესიის სტალინური მართვის შედეგებს ახლა ვიმკით.