სოფრომ მგალობლიშვილი აკაკი წერეთლის შესახებ
საკვანძო სიტყვები:
ქართული მემუარული მწერლობა, აკაკი წერეთელი, სოფრომ მგალობლიშვილიანოტაცია
სოფრომ მგალობლიშვილის მწერლური ღვაწლის შეფასებისას საგანგებო აღნიშვნის ღირსია მისი, როგორც მემუარისტის, დამსახურება. ის მოგონებებს 1900-იანი წლებიდან წერდა და აქვეყნებდა. პირველად 1910 წელს ჟურნალ „ერში“ მისი მოგონებების ხუთი თავი განთავსდა, ხოლო შემდეგი თავები გაზეთ „თემში“ დაიბეჭდა. მოგვიანებით, სოფრომ მგალობლიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ლიტერატურის მკვლევარმა ლევან ასათიანმა თავი მოუყარა და ერთ წიგნად გამოსცა მწერლის მემუარული ხასიათის თითქმის ყველა ნაწარმოები. სოფრომ მგალობლიშვილმა დაწერა შესანიშნავი მოგონებები ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ. უმეტეს მათგანს ავტორი ახლოს იცნობდა, მათთან პირადი და სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებდა. სოფრომ მგალობლიშვილი მათ შესახებ ბევრ ისეთ შემთხვევას გვაცნობს, როგორსაც სხვა მემუარისტებთან ვერ შევხვდებით. ასეთია მისი მოგონებები აკაკი წერეთლის შესახებ. მას ორი მოგონება მიეძღვნა: „ჩვენთან არს აკაკი“ და „აკაკი“. ისინი პოეტის გარდაცვალების დღეებში გამოქვეყნდა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ (№5, №7). მემუარისტი საგანგებოდ აღნიშნავს აკაკის, როგორც ჭეშმარიტი პოეტის, თვისებას –მოგზაურობის სიყვარულს, ხალხთან სიახლოვის სურვილს. ის ერთმანეთს ადარებს ილიასა და აკაკის ბუნებას. მას მოსწონს, რომ აკაკი ხალხს კარგად იცნობს, რადგან ბევრს მოგზაურობს. ილია კი მაინც კაბინეტის კაცია, მას პირადად მხოლოდ ქალაქის ინტელიგენცია, თავადაზნაურობა იცნობს. სოფრომ მგალობლიშვილის ორივე მოგონება („ჩვენთან არს აკაკი!“, „აკაკი“) დაწერილია აკაკი წერეთლის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. მათში იხატება პოეტის საინტერესო სახე, რომელიც ახლაც დიდ ინტერესს აღძრავს მკითხველში.