ძირითადი პრინციპები ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების სენტიმენტანალიზისათვის 1
საკვანძო სიტყვები:
ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველება, პოლიტიკური დისკურსი, სენტიმენტანალიზი, კორპუსზე დაფუძნებული კვლევაანოტაცია
სენტიმენტანალიზი არის ბუნებრივი ენის დამუშავების სახე, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ტექსტის სენტიმენტის (ემოციის) შესახებ - დადებითია იგი (რაღაცის ან ვიღაცის მიმართ), უარყოფითია თუ ნეიტრალური დამოკიდებულების მაჩვენებელია; სტატიაში წარმოდგენილი ყველა მაგალითი არის ქართული ენის პოლიტიკური კორპუსიდან. პოლიტიკური დისკურსი შეიძლება განვმარტოთ, როგორც პოლიტიკური კომუნიკაცია, რომელსაც იყენებენ პოლიტიკოსები თავიან საჯარო გამოსვლებში, დაგეგმილ (საინაუგურაციო ტექსტები) თუ დაუგეგმავ მეტყველებაში (სატელევიზიო გადაცემები, დისკუსიებში მონაწილეობა, საპარლამენტო გამოსვლები და ა.შ.). სენტიმენტანალიზის კვლევას აქვს უპირატესად სამი ერთმანეთთან დაკავშირებული და ამავდროულად, ერთმანეთისგან განსხვავებული დონე. ესენია: • დოკუმენტის დონე; • წინადადების დონე; • ასპექტის დონე; კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე დიდი უპირატესობა სენტიმენტის კვლევის ასპექტის დონეს აქვს. ასევე ვიმსჯელებთ მეტყველების ნაწილების როლზე სენტიმენტის განსაზღვრაში - ამ შემთხვევაში, უპირატესად, შემოვიფარგლებით ზედსართავი და არსებითი სახელებით. ჩვეულებრივ, სემანტიკით ნეიტრალურ არსებით სახელს შესაძლოა დაერთოს დადებითი ან უარყოფითი შინაარსის ზედსართავი სახელი და შესაბამისად, აზრის სენტიმენტიც შეიცვალოს - გახდეს იგი პოზიტიური ან ნეგატიური; თუმცა, შესაძლოა აბსოლუტურად სხვა სურათი გვქონდეს, თუ არსებით სახელსაც გააჩნია საკუთარი სენტიმენტი. სტატიაში ვიმსჯელებთ არსებითი და ზედსართავი სახელების კომბინაციებზეც და განვსაზღვრავთ, რა და რა ტიპის კომბინაციები შეიძლება გვქონდეს, აგრეთვე, წარმოვადგენთ ძირითად წესებს, რომელიც ამ კომბინაციების გაანალიზების შედეგად მივიღეთ. კომბინაციებზე დაყრდნობით და კონტექსტების გაანალიზების შედეგად გამოირკვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სენტიმენტის განსაზღვრის პროცესში არის არა ცალკეული სიტყვები, არამედ ფრაზები და ხშირ შემთხვევაში, სენტიმენტის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა სახელური ფრაზები (NP), არამედ ზმნური ფრაზები(VP);