ცნობიერისა და არაცნობიერის არქეტიპები გურამ ფანჯიკიძის რომანებში: „მეშვიდე ცა“, „თვალი პატიოსანი“ და „აქტიური მზის წელიწადი“
საკვანძო სიტყვები:
საბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურა, გურამ ფანჯიკიძე, მხატვრული რეცეფცია, საბჭოთა ტოტალიტარიზმი, რომანებიანოტაცია
პიროვნების ფორმირება მის შინაგან სამყაროში მიმდინარე ცნობიერი თუ არაცნობიერი ფაქტორების კოორდინირებით მიიღწევა, რომელთა ჰარმონიული/დისჰარმონიული ურთიერთობები აყალიბებს მკვეთრად გამოხატულ ნიშან–თვისებებს, რაც განმაპირობებელი ფაქტორია ინდივიდუალიზმის ჩამოყალიბებისას. საბჭოთა ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა აუცილებლად საჭიროებს მათ ახლებურ რეცეფციას ეპოქის ქრონოტოპული არეალის გათვალისწინებით, რაც აბსოლუტურად შეცვლის კრიტიკისა და მკითხველის შეხედულებას არა მარტო ნარატორზე, არამედ ნარაციის წარმმართველ პერსონაჟებზე, მათ ხასიათებსა თუ შეხედულეებებზე, მით უმეტეს, მათში ფორმირებული ცნობიერი თუ არაცნობიერი შინაარსების გამომწვევ ფაქტორებზე. რაც მეტად საინტერესო უნდა იყოს პოსტკოლონიური (პოსტსაბჭოთა) ქვეყნებისათვის, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური კურსით დასდგომიან დაკარგული ნაციონალური იდენტობის ძიების გზას. გურამ ფანჯიკიძის რომანებში (,„თვალი პატიოსანი“ და „აქტიური მზის წელიწადი“) წარმოდგენილი ხასიათების ანალიზი აჩვენებს, რომ პიროვნების ფორმირების რთული პროცესი წარმოადგენს ცნობიერისა და არაცნობიერის თანხვედრით გაფორმებულ ვერსიას. ნებისმიერი ავტორიტარული სახელმწიფოს ზეგავლენა ასახვას პოვებს კოლექტიურ არაცნობიერში, რისგანაც გათავისუფლება იშვიათად უნდება ადამიანს. სტატიაში ნაჩვენებია, როგორ ჩაკლა საბჭოთა იდეოლოგიამ ადამიანში ადამიანი მისგან დამოუკიდებლად უმნიშვნელო ასპექტშიც კი. თუ პიროვნული არაცნობიერი, მეტ-ნაკლებად, კონტოლირებადია და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აღზრდის ხარისხს, ამის თქმა შეუძლებელია არქეტიპებზე, რომლისგანაც გათავისუფლება ყველას არ უნდება, მით უმეტეს, ვერც ახერხებს. კრახის გაცნობიერება კი აუცილებლად ბადებს მასში შინაგან და ქვეცნობიერ გაუცხოებას, რისი მაგალითებიც წარმოადგინა მწერალმა.