ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკის აქტუალური პრობლემები (ზოგიერთი ასპექტი)
საკვანძო სიტყვები:
XIX საუკუნის ქართული მწერლობა, ილია ჭავჭავაძე, პუბლიცისტიკა, ეროვნული პრობლემატიკა, წერილებიანოტაცია
მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ილია ჭავჭავაძე ეროვნული დაჯგუფების ლიდერად გვევლინება. თავისი პუბლიცისტური წერილებით – „ცხოვრება და კანონი“, „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“, „წოდებათა თანასწორობა“, „ჩვენი ხალხი და განათლება“ – ავტორი ცხადყოფს იმდროინდელ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ, ეროვნულ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. ამავდროულად, თავადვე გვევლინება პრობლემების მომგვარებლად და თავადვეა ეპოქის ტკივილში გამოხარშული. „ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში“, – დიდი ილიას ერთ-ერთი დევიზთაგანი იყო. სწორედ მართლის თქმის პრინციპულობას შეეწირა იგი. ილია პუბლიცისტურ წერილებში ლიდერობისთვის დამახასიათებელ თვისებებს ავლენს, სადაც ის მკაცრი, დამაჯერებელია და ემოციური მიმართვებით ზემოქმედებს საზოგადოებაზე. სწორედ პუბლიცისტური წერილების მეშვეობით გაგვაცნო XIX საუკუნის საქართველოსა და ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების სიმძიმე. ილიამ საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. ქართული ენის რეფორმა, საადგილმამულო ბანკის დაარსება, „წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და სხვა მრავალი საქმე, რომლის იდეის ავტორი და შემსრულებელიც იყო, ემსახურებოდა მხოლოდ საქართველოს და ქართველ ერს. ილიას მიერ წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის მოდელი, მთავრობისა და თვითმმართველობის არჩევნების გზით დანიშვნა დემოკრატიის ჭეშმარიტი გამოხატულებაა. არაერთი პრობლემა არათუ აქტუალურია დღემდე, არამედ კვლავაც იმ ხედვითა და შემართებითაა გადასაჭრელი, როგორც ლამის ორი საუკუნის წინ დიდმა მამულიშვილმა დღის წესრიგში დააყენა.