ქალთა ემანსიპაციის საკითხი თამარ პაპავას ადრეულ პუბლიკაციებში
საკვანძო სიტყვები:
ქართული ემიგრანტული ლიტერატურა, თამარ პაპავა, პუბლიცისტიკა, ქალთა ემანსიპაცია, გენდერიანოტაცია
თვალსაჩინო წარმომადგენელია მრავალფეროვანი მემკვიდრეობით, რომელშიც კარგად აისახა ეპოქის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის უნდა გამოიყოს ქალთა ემანსიპაციის პრობლემაც. ცნობილია, რომ ქალთა ემანსიპაციის საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, რასაც თავისი გამოძახილი მოჰყვა საქართველოშიც. ქალთა ბრძოლა საკუთარი უფლებებისათვის საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით სავსე პროცესი იყო. ამ ვითარებას არ განაპირობებდა მხოლოდ პატრიარქალური საზოგადოების კონსერვატიზმი, ის გადაჯაჭვული იყო სხვა სოციალურ თემებთანაც. თამარ პაპავამ 1909-1910-იანი წლებში საქართველოში გამომავალ გაზეთებში („მომავალი“, „ახალი სხივი“) არაერთი პუბლიკაცია გამოაქვეყნა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს წერილები, გარდა იმისა, რომ ინფორმაციულ და არცთუ იშვიათად საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებდა, ამასთანავე აჩვენებდა საქართველოში ამ თვალსაზრისით შექმნილ საკმაოდ მძიმე მდგომარეობას. თამარ პაპავა ამ საკითხებზე წერისას მიმოიხილავდა ვითარებას ევროპაში, ამერიკაში ფინეთში, ნორვეგიასა თუ რუსეთში, აანალიზებდა საკუთარი უფლებებისათვის დაწყებულ ქალთა აქტიურ ბრძოლას, რომელიც განპირობებული იყო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში მომხდარი ცვლილებებით, არ იზიარებდა მოსაზრებას, რომ ქალისთვის ბუნებრივად იყო დამახასიათებელი სისუსტე და უმოქმედობა, რაც მას მამაკაცთან შედარებით დაბალ სოციალურ საფეხურზე აყენებდა, ყურადღებას ამახვილებდა ქალთა მოძრაობაში კლასობრივ ასპექტებზე, ქალების პოლიტიკაში ჩართვასა და სხვ. თამარ პაპავას კორესპონდენციები კარგად აჩვენებს თავად პრობლემის სიმძიმეს, ტრადიციული საზოგადოების დამოკიდებულებას ქალთა მდგომარეობის მიმართ, ბრძოლას ამგვარი რეალობის შესაცვლელად. მიუხედავად ამ წერილების დესკრიფციული ხასიათისა, მათში დასმული აქცენტები მაინც მკაფიოდ ავლენს ავტორის შეურიგებლობას ქალთა მძიმე საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო.