სინტაქსური გურამ ასიმილაციის დოჩანაშვილის ,, შემთხვევები რომანში ლოდი ნასაყდრალი ”
საკვანძო სიტყვები:
ქართული ენის სინტაქსი, გურამ დოჩანაშვილი, პროზის სინტაქსური თავისებურებები, სინტაქსური ასიმილაცია, ლექსიკური ტრანსფორმაცია.ანოტაცია
სამეცნიერო სტატიაში გაანალიზებულია სინტაქსური ასიმილაციის შემთხვევები გურამ დოჩანაშვილის რომანში „ლოდი ნასაყდრალი“. მწერალი სიტყვათა კლასის შესაცვლელად იყენებს: 1. ლექსიკურ ტრანსფორმაციას (სიტყვაწარმოებას); 2. წინადადების ლოგიკურგრამატიკული ფუნქციის შეცვლას (სინტაქსურ ასიმილაციას). სინტაქსური ასიმილაციის (შესიტყვების შეკუმშვის, ანალოგიის, სინონიმიის) შედეგად სიტყვებში გარკვეული ცვლილებები ხდება. თავისი ლექსიკურ-მორფოლოგიური კლასიდან გამოსული სიტყვა კარგავს სინტაქსურ ურთიერთობას, რის შედეგადაც უსუსტდება იმ მორფემათა როლი, რომლებსაც აღარა აქვთ მნიშვნელობა ახალ ვითარებაში დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ ამასთან ერთად მას შეუძლია, შეინახოს ის თავისებურებანი, რომელნიც ხელს არ უშლიან ახალ კონსტრუქციულ ვითარებას. ამ უკანასკნელს წინადადების სტრუქტურულ თავისებურებათა დასადგენად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გურამ დოჩანაშვილი მოვლენების ან ფაქტების დასახასიათებლად იყენებს სინატაქსურ ასიმილაციას. ანალოგიისა და სინონიმიის საფუძველზე სიტყვათა კლასი იცვლის გრამატიკულ როლს. საინტერესოა, ისტორიულ პირებთან ან მოვლენებთან გავლებულია პარალელები. აღსანიშნავია არსებითი სახელის გაზედსართვება, ზედსართავი სახელის, რიცხვითი სახელის, ნაცვალსახელის გაარსებითება, ზმნის გადასვლა კოორდინაციული რიგიდან სუბორდინაციულ რიგში, ზმნიზედის გადასვლა ზედსართავ სახელსა და თანდებულში. მწერალი ხშირად იყენებს მოქმედებითი ბრუნვის ნიშნით წარმოქმნილ ლექსიკურ ერთეულებს (იძულებითი, დამატებითი, სმენითი, გასვლითი...), როგორც სინტაქსური ასიმილაციის წყაროს, სადაც ბრუნვის ნიშანი დერივატის ფუნქციას ასრულებს. სიტყვათა კლასის ამგვარი შენაცვლება უნდა განვასხვავოთ ომონიმური პარალელისაგან, რადგანაც აქ უკვე არა მარტო ასიმილაცია გვაქვს, არამედ სტაბილურად შენაცვლება; სიტყვები უკვე ,,მორფემებად“ (ნაწილობრივ სიტყვებად) არიან ქცეულნი და ვეღარ უბრუნდებიან თავიანთ პირვანდელ მნიშვნელობას. ამ მხრივ, ყოველი ანალიზური სიტყვა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სრული და ნაწილობრივი სიტყვათა შეერთება.სიტყვათა კლასის შენაცვლებისას სხვადასხვა ტიპის სიტყვების სუბორდინაციულ თუ კოორდინაციულ ელემენტებად გადაქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თავისთავადი სიტყვები (მეტყველების ნაწილები) ქმნიან ურთიერთს შორის მიმართებას, ე. ი. გრამატიკული (სინტაქსური) დონის ერთეულებად გვევლინებიან, ხოლო დამხმარე ამ მიმართების დამყარების ერთ-ერთი საშუალებაა.