ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვლილი გზა (30-წლიანი ქრონიკა)

ავტორები

  • ეკა დადიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორი

საკვანძო სიტყვები:

ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ქართველური დიალექტური ტექსტების ჩაწერა-კვლევა, ტარიელ ფუტკარაძe

ანოტაცია

დიალექტოლოგიის ინსტიტუტის (რომლის მემკვიდრეც ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია) ისტორია იწყება 1992 წლის მარტიდან, როდესაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს მაგალი თოდუას ინიციატივით შეიქმნა ქართველური ენების, დიალექტებისა და ფოლკლორის შემსწავლელი ლაბორატორია. ლაბორატორიის ხელმძღვანელი მ თოდუა იყო. 1992 წლის აგვისტოში ქართველური ენების, დიალექტებისა და ფოლკლორის შემსწავლელ ლაბორატორიას ეწოდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დიალექტოლოგიის ინსტიტუტი. 1992 წლის დეკემბერში ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ტარიელ ფუტკარაძე. ტ. ფუტკარაძემ ახლად დაარსებული დიალექტოლოგიის  ინსტიტუტი ქვეყანაში ერთ-ერთ ძლიერ და წარმატებულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრად აქცია. ინსტიტუტის ფუნქცია თავიდანვე მკაფიოდ განისაზღვრა: ქართველური დიალექტური მასალების ჩაწერა-დოკუმენტირება და მეცნიერული შესწავლა; საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეტყველების, ეთნოგრაფიული და კულტურული მახასიათებლების აღწერა, კვლევა. ამგვარი კომპლექსური მუშაობის შედეგადაც შეიქმნა უმდიდრესი ფონოთეკა, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მასალას და უნიკალურია მრავალფეროვანი თემატიკით, ჩაწერა-დამუშავების მეთოდოლოგიითა და ტექნოლოგიით. 2005 წელს დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ეწოდა ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 2011 წლის დეკემბერში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების სახელწოდებით შევიდა უნივერსიტეტში ახლად ჩამოყალიბებულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. 2017 წლის მაისში ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიეროკვლევითი მიმართულების ბაზაზე ჩამოყალიბდა ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ცალკე სტრუქტურულ ერთეულად შევიდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ცენტრის ხელმძღვანელი – ასოც. პროფ. ეკა დადიანი. ცენტრი შედგება ორი მიმართულებისაგან: I. ქართველური დიალექტოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის შემსწავლელი მიმართულება: †ტარიელ ფუტკარაძე (მიმართულების ხელმძღვანელი); მკვლევრები: მაია მიქაუტაძე, დავით შავიანიძე, თინათინ მილორავა, თეონა მაჭავარიანი; II. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი მიმართულება: ავთანდილ ნიკოლეიშვილი (მიმართულების ხელმძღვანელი); მკვლევრები: ნესტან კუტივაძე, სულხან კუპრაშვილი, ლუკა დვალიშვილი. 2021 წელს ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა. ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სამი ათეული წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტი, აქტივობა განახორციელა. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქუთაისური საუბრები“, რომლის დამფუძნებელი ტარიელ ფუტკარაძე იყო. პირველი „ქუთაისური საუბრები“ 1994 წლის 13-14 მაისს გაიმართა. ბოლო ქუთაისური საუბრები – XVIII 2023 წლის 9-10 ივნისს ჩატარდა და ის მიეძღვნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 90 წლისა და ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნების 30 წლის საიუბილეო თარიღებს. ტ. ფუტკარაძის ინიციატივით და ძალისხმევით 1997 წელს დაარსდა სამეცნიერო ორგანო – ჟურნალი „ქართველური მემკვიდრეობა“. დღემდე გამოცემულია 26 ტომი. 2021 წლიდან ჟურნალი ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში – ERIH PLUS-ის სისტემაში. ტ. ფუტკარაძის სახელს უკავშირდება სამეცნიერო და სტუდენტური ექსპედიციების ორგანიზება. ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით რეგულარულად ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები. მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტია ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 2007 წლიდან რეგულარულად ტარდება. XVკონფერენცია 2023 წლის 19-20 მაისს ჩატარდა. ქართველოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა განახორციელეს  სხვადასხვა საგრანტო პროექტები; გამოაქვეყნეს მონოგრაფიები, კრებულები; სხვადასხვა (ეროვნულ, უცხოურ) გამოცემებში დაბეჭდეს სამეცნიერო პუბლიკაციები, დიალექტური ტექსტები; მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. დიალექტოლოგიის ინსტიტუტის მემკვიდრე ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგრძელებს 30 წლის განმავლობაში ტარიელ ფუტკარაძისა და მისი გუნდის მიერ დაფუძნებულ ტრადიციებს და მიღებულ ცოდნას, გამოცდილებას წარმატებით იყენებს თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-01

როგორ უნდა ციტირება

ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვლილი გზა (30-წლიანი ქრონიკა). (2023). ქართველური მემკვიდრეობა, XXVII, 9-19. https://moambe.journals.atsu.edu.ge/index.php/Kartvelology/article/view/196

მსგავსი სტატიები

1-10 — 29

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.