კრემლის ნაციონალური პოლიტიკა კავკასიაში 1921-1944 წლებში (კონსტანტინე კანდელაკის მოხსენების მიხედვით
საკვანძო სიტყვები:
რუსეთის ნაციონალური პოლიტიკა კავკასიაში, 1921-1944 წლები, კონსტანტინე კანდელაკის ღვაწლი მოღვაწეობაანოტაცია
1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველო დაიპყრო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საქართველო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. მათ შორის იყო დამფუძნებელი კრების წევრი და ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე (კოწია) კანდელაკი. კონსტანტინე კანდელაკმა ემიგრაციაში ეკონომიკური ხასიათის არაერთი საყურადღებო ნაშრომი გამოაქვეყნა. რაც შეეხება მის გამოუქვეყნებელ ნაშრომს „კრემლის ნაციონალური პოლიტიკა კავკასიაში“, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება, ავტორმა ის ევროპაში ერთ-ერთ ინსტიტუტში წაიკითხა მოხსენების სახით. წარმოდგენილ ნაშრომში ავტორი დეტალურად ეხება საბჭოთა რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებული ნაციონალური პოლიტიკის ყველა მანკიერ მხარეს, რამაც კავკასიის ერები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. რუსიფიკაციის პროცესი გაუგონარი მეთოდებით მიმდინარეობდა, მაგალითად, 1943 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 1944 წლის თებერვალში თითქმის ერთი მილიონი მოსახლეობა გაჟლიტეს ყარაჩაისა და ბალყარეთის ავტონომიურ ოლქებში და ჩაჩან-ინგუშეთის ავტონომიურ საბჭოთა რესპუბლიკაში. ამ ტერიტორიებზე კი რუსეთიდან სწრაფად ჩაასახლეს ეთნიკურად რუსი მოსახლეობა. ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოქმედებდა მეფის რუსეთისდროინდელი პოლიტიკით, როდესაც 1864 წელს კავკასიიდან გაასახლა ჩერქეზები და მათ ნაცვლად რუსეთიდან მოსახლეობა ჩაასახლა. ცხადია, საბჭოთა მთავრობისთვის კავკასიას აქვს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, რათა ის გამოიყენოს აზიის მიმართულებით თავისი ინტერესების განსახორციელებლად. კ. კანდელაკის შეფასებით, კრემლის პოლიტიკა ეს არის ძალდატანების პოლიტიკა. კავკასიის ერები იმსახურებენ თავისუფლად არსებობას, თავისუფალი კავკასიელები კი მონახავენ საერთო ნიადაგს თავისუფალი თანამშრომლობისთვის ყველა მშვიდობისმოყვარე ერთან.