ცხენის როლი სამეგრელოს ყოფა-ცხოვრებაში
საკვანძო სიტყვები:
ცხენოსნობის კულტურა საქართველოში, ცხენის როლი სამეგრელოს ყოფა-ცხოვრებაში, ცხენოსნური სპორტი, მარულა, დოღი, ცხენი ქართულ ფოლკლორშიანოტაცია
ქართველი ხალხი ცხენოსნობის კულტურას ქმნიდა და ავითარებდა საუკუნეების განმავლობაში. ჩვენი ნაშრომი შემოიფარგლება დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საფონდო-საარქივო მასალით, რა თქმა უნდა, შესაბამისი პარალელების გათვალისწინებით. შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ყურადღება მივაპყროთ ქართულ ხალხურ ცხენოსნურ თამაშობებს. კერძოდ, მარულას (ცხენთა რბოლა გრძელ მანძილზე). ცხენს იყენებდნენ სატრანსპორტო საშუალებად და გამწევ ცოცხალ ძალად სოფლის მეურნეობაში. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ლაშქრობებსა და ნადირობისას. ნადირობა ოდითგანვე ითვლებოდა სამხედრო საქმის წინამორბედად, რადგანაც ნადირობისას მამაკაცი იწრთობოდა ფიზიკურად და ავლენდა უამრავ უნარ-ჩვევას. ცხენს მეტად დიდი ადგილი ეკავა სამეგრელოს ყოფა-ცხოვრებაში. ამის ნათელი დადასტურებაა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, ასევე ისტორიული ცნობები, ეთნოგრაფიული ყოფა და ხალხური პოეტური ნიმუშები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ ცხენისა და მეცხენეობის როლსა და მნიშვნელობას შორეული ისტორიული წარსულიდან დღემდე, გარკვეული ცვლილების გათვალისწინებით. ამდენად, ცხენი და ცხენოსნობა შორეული ისტორიული წარსულის გამოძახილია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამეგრელოს ყოფა-ცხოვრებაში. უდავოა, რომ დრომ განვითარების ახალ სიმაღლეებზე აიყვანა ქართული ცხენოსნობა.