ჩვენ შესახებ
სამეცნიერო რეფერირებადი (რეცენზირებადი) ჟურნალი ქართველური მემკვიდრეობა არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პერიოდული (ყოველწლიური) გამოცემა. მასში იბეჭდება ქართველი და უცხოელი ავტორების ჰუმანიტარული პროფილის ნაშრომები, კვლევები, ახალი დიალექტური ტექსტები.
ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1996 წელს. დღემდე გამოცემულია 28 ტომი. დასაბეჭდად მზადდება 29-ე ნომერი. ჟურნალში განთავსებულ ნაშრომებს თან ერთვის უცხოენოვანი (ინგლისური, რუსული) რეზიუმეები. ჟურნალს ჰყავს ცნობილ ქართველოლოგთაგან დაკომპლექტებული სარედაქციო საბჭო: ეკა დადიანი (მთავარი რედაქტორი), ავთანდილ ნიკოლეიშვილი (პასუხისმგებელი რედაქტორი), ნინო ფხაკაძე, ნათია ფუტკარაძე (რედაქტორი), ინგა აბრამიძე, ნომადი ბართაია, ლევან ბებურიშვილი, თეიმურაზ გვანცელაძე, როზეტა გუჯეჯიანი, ლუკა დვალიშვილი, სერგო ვარდოსანიძე, როლანდ თოფჩიშვილი, ქევინ თუითი, მერაბ კეზევაძე, სულხან კუპრაშვილი, მერაბ ნაჭყებია, მაკა სალია, რუსუდან საღინაძე, გიორგი სოსიაშვილი, მანანა ტაბიძე, ფევზი ჩელები, ნატო წულეისკირი, რევაზ ჭანტურია, რამაზ ხაჭაპურიძე (სწავლული მდივანი), ბეჟან ხორავა, გია ხოფერია და სხვა.
ჟურნალში ნაშრომები იბეჭდება სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეცენზენტების მიერ წარმოდგენილი დადებითი დასკვნის საფუძველზე. ჟურნალში ვერ მოხვდება ის ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სტანდარტს (იხილეთ მენიუს პუნქტი "ავტორებისათვის").
ინტერნეტსივრცეში განთავსებულია ჟურნალში დაბეჭდილი ნაშრომების როგორც ქართული, ისე ინგლისურენოვანი (რეზიუმეს სახით) ვერსიები. ყველა ტომის ელ. ვერსია გაციფრებული სახით დევს ჩვენი უნივერსიტეტის ვებგვერდზე (მენიუს პუნქტში: "კონფერენციები").
ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესახებ
ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულს. ცენტრს საფუძველი ჩაეყარა 1992 წლის მარტში, როდესაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს მაგალი თოდუას ინიციატივით და სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ქართველური ენების, დიალექტებისა და ფოლკლორის შემსწავლელი ლაბორატორია (ხელმძღვანელი მ. თოდუა).
1992 წლის აგვისტოში ქართველური ენების, დიალექტებისა და ფოლკლორის შემსწავლელ ლაბორატორიას ეწოდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დიალექტოლოგიის ინსტიტუტი. 1992 წლის დეკემბერში დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ტარიელ ფუტკარაძე.
ტ. ფუტკარაძის ხელმძღვანელობით დაიწყო დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეორგანიზაცია, ახალი კადრებით დაკომპლექტება. პირველივე ეტაპზე ჩამოყალიბდა მომძიებელთა ჯგუფები; 1993-1995 წლებში ფუნქციონირებდა მომძიებელთა შემდეგი ჯგუფები:
- სამეგრელოს: ხობი – სოფ. ქვალონი (ე. დადიანი, ი. გაბელაია, ნ. ოკუჯავა);
- სვანეთის:მესტია – სოფ. ლენჯერი (ნ. ნაკანი, ზ. შამფრიანი, ც. გულედანი);
- ოკრიბის: ტყიბული – სოფ. ორპირი (დ. შავიანიძე, დ. ბაკურაძე, რ. ხაჭაპურიძე);
- ხონის: სოფ. მათხოჯი (რ. კაშია, ც. ბენდელიანი, მ. ფეიქრიშვილი).
1996-1998 წლებში მუშაობდა შემდეგი ჯგუფები:
- სამეგრელოს: მარტვილი – სოფ. დიდი ჭყონი (ე.დადიანი, ნ.ოკუჯავა, ლ.კორთხონჯია);
- სვანეთის: მესტია – სოფ. ლატალი (ნ.ნაკანი, დ.ფირცხელანი, შ.ფარჯიანი, დ.ფარჯიანი);
- ოკრიბის: ტყიბული – სოფ. კურსები (დ.ბაკურაძე, ი.ხურციძე, გ.ზარქუა);
- ხონის: სოფ. კუხი (რ.კაშია, ც.ბენდელიანი, მ.ფეიქრიშვილი);
- ქუთაისის (დ.შავიანიძე, ვ.თავხელიძე, ლ.რუსაძე).
2003-2005 წლებში მუშაობდა შემდეგი ჯგუფები:
- სამეგრელოს: აბაშა – სოფ. ძველი აბაშა (ე. დადიანი, ი. გაბელაია, ნ. ოკუჯავა);
- სვანეთის: ლენტეხი – სოფ. მელე (ლ. ავალიანი, ნ. ნაკანი, დ. ფირცხელანი);
- ქუთაისის (დ. შავიანიძე, რ. ხაჭაპურიძე, ლ. ხაჭაპურიძე);
- რაჭის (დ. ბაკურაძე, ო. ბანძელაძე, გ. ზარქუა);
- საჩხერის (მ. მიქაუტაძე, ლ. რუსაძე, ს. კუბლაშვილი, ნ. კვერნაძე, ე. ქავთარაძე).
2003 წელს აწსუ დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მომძიებელთა ჯგუფების ბაზაზე შეიქმნა შემდეგი განყოფილებები:
- მეგრულ-ლაზური დიალექტური ტექსტების განყოფილება (ხელმძღვანელი ე.დადიანი, წევრები: ი. გაბელაია, ნ. ოკუჯავა),
- სვანური დიალექტური ტექსტების განყოფილება (ხელმძღვანელი ლ. ავალიანი; წევრები: ნ. ნაკანი, დ. ფირცხელანი),
- იმერული დიალექტური ტექსტების განყოფილება (ხელმძღვანელი მ. მიქაუტაძე; წევრები: ლ. რუსაძე, ე. ქავთარაძე),
- რაჭული დიალექტური ტექსტების განყოფილება (ხელმძღვანელი ო. ბანძელაძე; წევრები: დ. ბაკურაძე, გ. ზარქუა),
- ქალაქური სოციალური დიალექტური ტექსტების განყოფილება (ხელმძღვანელი დ. შავიანიძე; წევრები: ლ. ხაჭაპურიძე, რ.ხაჭაპურიძე),
- დიალექტური ტექსტების საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილება (ხელმძღვანელი რ. კაშია; წევრები: ც. ბენდელიანი, ლ. ლომთაძე, ი. ხურციძე),
- ქართველური დიალექტებისა და კულტურის შესახებ უცხოენოვანი პუბლიკაციების შემსწავლელი განყოფილება (ხელმძღვანელი ნ.ოდილავაძე; წევრები: გ. ქამუშაძე, ს. ტყეშელაშვილი, ნ. დოგრაშვილი, ს. კუბლაშვილი).
2005 წელს დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ეწოდა ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
2011 წლის დეკემბერში ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ქართველური დიალექტოლოგიის მიმართულების სახელწოდებით შევიდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად ჩამოყალიბებულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. მიმართულების ხელმძღვანელი – ე.დადიანი, სამეცნიერო კონსულტანტი – ტ.ფუტკარაძე.
2017 წლის მაისში ქართველური დიალექტოლოგიის მიმართულების ბაზაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ეკა დადიანი). ამჟამად ცენტრში ფუნქციონირებს ორი მიმართულება: 1. ქართველური დიალექტოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის შემსწავლელი მიმართულება (ხელმძღვანელი პროფ. ტარიელ ფუტკარაძე), 2. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი მიმართულება (ხელმძღვანელი პროფ. ავთანდილ ნიკოლეიშვილი).
ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უპირველესი მიზანია ქართველური დიალექტების, ზეპირსიტყვიერებისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები არაქართველური ეთნიკური ჯგუფების მეტყველების, წეს-ჩვეულებებისა თუ ფოლკლორის თავისებურებათა შესწავლა. დეტალური, მრავალფეროვანი და სანდო მასალის მოპოვება, მათი მეცნიერული დამუშავება, კვლევის შედეგების გამოცემა.
ქართველოლოგიის ცენტრში დაცულია უნიკალური დიალექტური ტექსტები (აუდიომასალა), რომელიც ჩაწერილია 1993-2018 წლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, ქ. ქუთაისი, რაჭა, სამცხე, ხევსურეთი, აჭარა, ტაო-კლარჯეთი...). ჩაწერილი მასალა შეადგენს 900-ზე მეტ აუდიოკასეტას, რომელიც გაციფრებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი მეცნიერული დამუშავება და გამოსაცემად მომზადება.
ქართველოლოგიის ცენტრში დაცული ახალი დიალექტური მასალა, დღემდე გამოქვეყნებული ტექსტებისაგან განსხვავებით, უნიკალურია მრავალფეროვანი თემატიკით, ჩაწერა-დამუშავების მეთოდოლოგიითა და ტექნოლოგიით; მაღალ მეცნიერულ დონეზე დამუშავებული (ზუსტი ფონეტიკური წესების დაცვით) ტექსტები სანდო წყაროა ქართველოლოგიის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის (ენათმეცნიერთათვის, ეთნოლოგთათვის, ხალხური სიტყვიერების მკვლევართათვის...). მოპოვებული მასალების საფუძველზე იქმნება ენობრივ მონაცემთა მზარდი კომპიუტერული ბანკი. ახალი დიალექტური ტექსტების საფუძველზე იწერება მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები (მონოგრაფიები, სტატიები). ცენტრში დაცული სხვადასხვა დიალექტური ტექსტები პერიოდულად იბეჭდება ჟურნალ „ქართველურ მემკვიდრეობაში“. 2015 წელს ცენტრში არსებული მეგრული ტექსტები გამოკვლევით მონოგრაფიულად გამოსცა ე. დადიანმა: მეგრული ტექსტები - I (ხობი, ქვემო ქვალონი), ქუთაისი, 2015. ეს არის საქართველოში პირველი გამოცემა, სადაც მეგრული დიალექტური მეტყველების ნიმუშებს შესაბამისი აუდიომასალა ახლავს.
ახალი ქართველური დიალექტური ტექსტების ჩაწერა-დამუშავება-შესწავლა, ერთი მხრივ, სამუდამოდ დაკარგვისგან გადაარჩენს ქართველური ენობრივი მემკვიდრეობის ნაწილს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქართველოლოგიის დარგს.
ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1996 წლიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აწყობს სამეცნიერო (დიალექტოლოგიურ, ეთნოგრაფიულ) ექსპედიციებს, რომელთა მიზანია ენათმეცნიერული, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალის ჩაწერა-ფიქსაცია. 1993-2005 წლებში ექსპედიციები განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, აჭარა, სამცხე, რაჭა). 2006 წლიდან ცენტრი ექსპედიციებს აწყობს თურქეთის სახელმწიფოში არსებულ ისტორიულ ქართულ კუთხეებში (იმერხევი, ტაო, მაჭახელი, ლივანა...). აღნიშნული ექსპედიციები მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიულ მხარეებში დავიწყება-დაკარგვისა და ნიველირების საფრთხის წინაშე მყოფი ქართველური ენობრივ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის თვალსაზრისით.
დიალექტოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში ჩართული არიან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენა-ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალობების სტუდენტები, აგრეთვე ქართველური ენათმეცნიერების სპეციალობის მაგისტრანტები და დოქტორანტები.
ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოპოვებული ახალი დიალექტური მასალა, დღემდე გამოქვეყნებული ტექსტებისაგან განსხვავებით, უნიკალურია მრავალფეროვანი თემატიკით, ჩაწერა-დამუშავების მეთოდოლოგიითა და ტექნოლოგიით; მაღალ მეცნიერულ დონეზე დამუშავებული (ზუსტი ფონეტიკური წესების დაცვით) ტექსტები სანდო წყაროა ქართველოლოგიის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის (ენათმეცნიერთათვის, ეთნოლოგთათვის, ხალხური სიტყვიერების მკვლევართათვის....). დიალექტური მეტყველების ნიმუშებს თან ახლავს შესაბამისი აუდიომასალა, რაც კვლევის შედეგებს უფრო შთამბეჭდავსა და უნიკალურს ხდის.
დიალექტოლოგიური ექსპედიციის შედეგები განიხილება სამეცნიერო კონფერენციებზე. ექსპედიციის მასალების საფუძველზე მზადდება სტუდენტთა საკურსო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომები და რეფერატები.
ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რეგულარულად ატარებს ქართველოლოგთა სიმპოზიუმს "ქუთაისური საუბრები". 1994 წლის 13-14 მაისს გაიმართა პირველი სამეცნიერო სემინარი – ქუთაისური საუბრები – I. დღემდე ჩატარდა 14 სიმპოზიუმი. ქუთაისური საუბრები – XIV ჩატარდა 2017 წლის 3-4 ნოემბერს.
ქართველოლოგიის ცენტრში დაცული ქართველური დიალექტური ტექსტები არის უნიკალური ენობრივ-კულტურული საგანძური, რომელიც საინტერესო საკვლევი ბაზაა ენათმეცნიერული, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული, კულტუროლოგიური... კვლევებისთვის. ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები მნიშვნელოვანია ქართველოლოგიის დარგის განვითარებისათვის.